საგნობრივი პროგრამები საზოგადოებრივ
მეცნიერებებში
1. ზოგადი ნაწილი
ა)
შესავალი
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მომიჯნავე
საგნები - ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში
მათ საკვანძო ადგილი უკავია. ისინი ხელს უწყობს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის
აღზრდას, აწვდის მოსწავლეს ინფორმაციას მშობლიური გარემოს შესახებ, განაპირობებს მის პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად ჩამოყალიბებას. ამასთან, აღნიშნული საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის სამოქალაქო კომპეტენციების შემუშავებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის. ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო
და საშუალო სკოლა) ეს საგნები ისწავლება კოორდინირებულად, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი აგებულია მემკვიდრეობითობისა
და უწყვეტობის პრინციპზე.
ბ) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები
და ამოცანები
საზოგადოებრივი მეცნიერებების
სწავლების მიზნებია:
·
მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი
მეცნიერებების საფუძვლებში.
·
დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და მიმდინარე
პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
·
ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
·
ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
·
დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
·
გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო
სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება,
საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.
ცოდნა
საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას,
რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ
ჩამოყალიბებისათვის. სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერების შესწავლა ეხმარება მოსწავლეს,
რომ მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. იმავდროულად, მოსწავლემ უნდა იცოდეს,
როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს
და დაიცვას ბუნებრივი გარემო. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით უვითარდება
მოზარდს ცოდნა პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების შესახებ. დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან
სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს ურთიერთშემეცნება. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას ხდება ცოდნის მიღება, რომელიც
ეხმარება მოსწავლეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში,
საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლემ, ასაკის
შესაბამისად, ცოდნის ნაბიჯ-ნაბიჯ შეძენის გზით, უნდა იცოდეს თუ
რა არის პოლიტიკური სისტემა, კანონი, როგორი პოლიტიკური სისტემები არსებობს; უნდა
გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე; უნდა იცნობდეს
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩარჩოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის
მექანიზმებსა და საშუალებებს საქართველოში და ა.შ.
მოსწავლე უნდა
აცნობიერებდეს თავს, როგორც საკუთარი ოჯახის, საზოგადოების, სასკოლო თემისა თუ
კლასის, სამეზობლო თემის, რეფერენტული ჯგუფის (იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური
უმცირესობა თუ სატიტულო ნაცია და ა.შ.), ქართული საზოგადოების წევრად; იცნობდეს
საკუთარი ქვეყნის, საზოგადოებისა და რეფერენტული თემის კულტურას; საქართველოში თუ
მსოფლიოში მცხოვრები სხვა საზოგადოებების კულტურას; იაზრებდეს, რას ნიშნავს ზრუნვის ეთიკა, რატომ არის ის ღირებული და ა.შ.
მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ,
საფეხურებრივად, უნდა გაეცნოს თავისი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად
ასპექტებს: საქონლის, მომსახურეობის, შრომისა და სამომხმარებლო
ბაზარს, მინიმალურ ხელფასს, მსყიდველთუნარიანობას და ა.შ.; შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს
ინფორმირებული მომხმარებლის უფლებებსა და
მოვალეობებზე, პასუხისმგებლობითი და ეთიკური მოხმარების მნიშვნელობასა და
პრინციპებზე; გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე და ა.შ.
მოსწავლემ
უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურეობრივად შეითვისოს ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მდგრადი
განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება, საგანგებო ვითარებებში მოქმედება,
ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენება, დაზარალებულთათვის ექიმამდელი
გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;
უნდა შეიგრძნოს საკუთარი
ქვეყნის, რეგიონის
კავშირი ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან; უნდა გააცნობიეროს ყველა ამ
პროცესის ურთიერთკავშირი;
უნდა გააცნობიეროს კაცობრიობის, როგორც მსოფლიოს ერთიანი საზოგადოების, წინაშე მდგარი პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი
და სოციალური გამოწვევები.
ამ პროცესში იგულისხმება, რომ მოსწავლეს
ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები,
უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები.
კონკრეტული თემატიკა/საკითხები/კონცეფციები გაშლილია
თითოეული კლასისა და საგნის პროგრამის შინაარსში. აღნიშნული ცოდნის შეძენა ითვალისწინებს
როგორც საგნობრივ სპეციფიკასა და უწყვეტობას, ისე
მოსწავლეების ასაკობრივ შესაძლებლობებს.
უნარ-ჩვევები
მშობლიური ქვეყნისა და
მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
· სივრცეში ორიენტირება
· ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
· კომუნიკაცია
· სწავლის უნარი
· კვლევა
· შემოქმედებითი უნარი
· ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
· თვალსაჩინოებების გამოყენება
და შექმნა
·
გეოგრაფიული მოვლენების,
პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
· თანამშრომლობა
· სამოქალაქო პოზიციის შემუშავება,
კრიტიკა და დაცვა
· ტოლერანტობა
· პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
· პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
· საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
· სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
·
საგანგებო ვითარებებში მოქმედება
დამოკიდებულებები
მოსწავლე უნდა ჩამოუყალიბდეს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებები:
· ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა
· თანაგრძნობა და მზრუნველობა
· სამშობლოს სიყვარული
· პრინციპულობა და მოქალაქეობრივი სიმამაცე
· კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
· თანასწორობა
· ტოლერანტობა
· პროფესიონალიზმი
· სამართლიანობა და კანონის პატივისცემა
·
უსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაზიარება
·
ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა და მის ჯანმრთელობაზე
ზრუნვა
·
სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა